ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები საზაფხულო, სარეაბილიტაციო ბანაკში დაისვენებენ
ტრადიციულად წელსაც ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისთვის საზაფხულო, სარეაბილიტაციო ბანაკი მოეწყობა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ორგანიზებით, ასევე ლიეტუვას ჰემოფილიის საზოგადოებისა და ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის შეტყუპების პროგრამის ფარგლებში 25 ივნისს, ჰემოფილიით დაავადებული 12 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი, 10 დღით გაემგზავრება საზაფხულო, სარეაბილიტაციო ბანაკში, კურორტ წყალტუბოში.
როგორც საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტმა, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიის ცენტრის კოორდინატორმა რომანოზ ხომასურიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ლიეტუვიდან ჩამოვლენ ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი და ლიეტუვას ჰემოფილიის საზოგადოების წარმომადგენელი.
„მოწვეული სტუმრები ბავშვებს ტრენინგს ჩაუტარებენ. მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ბანაკები ჰემოფილიის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გართობასა და დასვენებასთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრებას, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას სწავლობენ. სამედიცინო პერსონალი ბანაკებში მყოფ მოზარდებს ასწავლის ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას. სარეაბილიტაციო ბანაკში გატარებული თითოეული წუთი დადებითად აისახება ბავშვების როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – იძენენ მეგობრებს, დაკავებულნი არიან აქტიური ცხოვრების წესით, ექსკურსიების დახმარებით ეცნობიან სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას, მონაწილეობენ გასართობ პროგრამებში, იგებენ მეტს დაავადებაზე, სწავლობენ როგორ მოიხმარონ ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატი, უადვილდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია და სხვა“, – აცხადებს ბატონი რომანოზი.
შეგახსენებთ, ჰემოფილია სისხლის მძიმე, თანდაყოლილი და ჯერჯერობით განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მკურნალობას, პერიოდულად ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას.
ფაქტორ–კონცენტრატი სისხლის შემადედებელი პრეპარატია, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი.