ეს მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.
ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კონფერენცია. პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიის ცენტრის კოორდინატორი რომანოზ ხომასურიძე.
ბატონმა რომანოზმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „ჰემოფილია გუშინ და დღეს საქართველოში“.
დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით „ჰემოფილიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ წარსდგა ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი, ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისთვის, ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია თბილისში. ექსკურსიის შემდეგ ბავშვებმა გადაინაცვლეს ბავშვთა გასართობ ცენტრში. ღონისძიება დაგვირგვინდა საზეიმო ვახშმით. ბავშვებს სამახსოვროდ დაურიგდათ ჰემოფილიის მსოფლიო დღის ლოგოთი გაფორმებული მაისურები.
ჰემოფილია სისხლის მძიმე თანდაყოლილი და ჯერჯერობით განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მკურნალობას, პერიოდულად ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას.
ფაქტორ–კონცენტრატი სისხლის შემადედებელი პრეპარატია, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. განასხვავებენ დაავადების მძიმე, საშუალო და მსუბუქ ფორმებს. ჰემოფილიას ხშირად ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა, თუმცა სისხლდენა შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ორგანოში, ძლიერი, მასიური და მტკივნეული სისხლჩაქცევებითა და სისხლდენებით – სახსრებში, კუნთებსა და სხვა ორგანოებში.
საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 390–ზე მეტი ადამიანი.