• სიახლეები
პუბლიკაციის თარიღი: 2018-06-28

ჰემოფილიით დაავადებულთათვის, სარეაბილიტაციო ბანაკი წყალტუბო–2018

ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის და ქირურგიის ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით, ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები საზაფხულო, სარეაბილიტაციო ბანაკში გაემგზავრებიან!  
ტრადიცია არც წელს დაირღვევა და ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისთვის საზაფხულო, სარეაბილიტაციო ბანაკი მოეწყობა.
ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის და ქირურგიის ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით, ასევე ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა და ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით, 26 ივნისს, ჰემოფილიით დაავადებული 13 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი, 10 დღით გაემგზავრება საზაფხულო სარეაბილიტაციო ბანაკში, კურორტ წყალტუბოში. ამასთან, 2 ივლისს ჰემოფილიით დაავადებული 3 ბავშვი ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში მდებარე საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. ისინი ლიტველ და უკრაინელ თანატოლებთან ერთად დაისვენებენ.
როგორც საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტმა, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიის ცენტრის კოორდინატორმა რომანოზ ხომასურიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ბანაკები ჰემოფილიის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გართობასა და დასვენებასთან ერთად დამოუკიდებლად ცხოვრებას, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალი ბანაკებში მყოფ მოზარდებს ასწავლის ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას.
შეგახსენებთ, რომ ჰემოფილია სისხლის მძიმე, თანდაყოლილი და ჯერჯერობით განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მკურნალობას, პერიოდულად ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას.
ფაქტორ–კონცენტრატი სისხლის შემადედებელი პრეპარატია, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის სისხლდენისას, ვიდრე პაციენტი კლინიკას მიმართავს სასურველია, დროის დაზოგვის მიზნით, შეძლოს საკუთარ თავს გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება, კერძოდ, თვითინფუზია, გადასხმა.
სარეაბილიტაციო ბანაკში გატარებული თითოეული წუთი დადებითად აისახება ბავშვების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – იძენენ მეგობრებს, დაკავებულნი არიან აქტიური ცხოვრების წესით, ექსკურსიების დახმარებით ეცნობიან სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას, მონაწილეობენ გასართობ პროგრამებში, იგებენ მეტს დაავადებაზე, სწავლობენ როგორ მოიხმარონ ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატი, უადვილდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია და სხვა.
ამასთან, წყალტუბოში ბავშვები როდონის შემცველი წყლის აბაზანებით სარგებლობენ. ეს კი ძალიან სასარგებლოა ჰემოფილიით დაავადებულთა პრობლემური სახსრებისთვის. როდონით გაჯერებული წყალი ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრობას და პაციენტს უმარტივებს მოძრაობას.